Wednesday, October 9, 2013

ბერტრან რასელი



ბერტრან რასელი (1872-1970) - ინგლისელი ფილოსოფოსი , ლოგიკოსი , მათემატიკოსი , საზოგადოებრივი მოღვაწე . რასელმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თანამედროვე მათემატიკური ლოგიკის განვითარებაში . რასელი ფიქრობს , რომ ფილოსოფია თავის პრობლემებს ბუნებისმეტყველებიდან იღებს , მისი ამოცანაა ბუნებისმეტყველების პრინციპებისა და ცნებების ანალიზი და ახსნა , ფილოსოფიის არსს შეადგენს ლოგიკა , ლოგიკრი ანალიზი . რასელი ინგლისური ნეორეალიზმისა და ნეოპოზიტივიზმის ფუძემდებელია . იგი იყო რელიგიის მოწინააღმდეგე და იცავდა ათეისტურ შეხედულებებს . გამოდიოდა ფაშიზმის წინააღმდეგ და იღწვოდა მშვიდობიანი თანაარსებობისთვის .

ვინ არის აგნოსტიკოსი ?


აგნოსტიკოსი შეუძლებლად მიიჩნევს ჭეშმარიტების შეცნობას ღმერთის არსებობისა და მარადიული ცხოვრების საკითხებში , რომლებთანაც დაკავშირებულია ქრისტიანობა და სხვა რელიგიები . ან , თუ ზოგადად შეუძლებლად არა , ყოველ შემთხვევაში , ამჟამად მაინც .

ითვლებიან თუ არა აგნოსტიკოსები ათეისტებად ?

არა . ათეისტი , ქრისტიანის მსგავსად , მიიჩნევს , რომ შესაძლებელია შეიცნო არსებობს თუ არა ღმერთი . ქრისტიანის აზრით , ჩვენ ვიცით , რომ ღმერთი არსებობს , ათეისტის აზრით , ღმერთი არ არსებობს . აგნოსტიკოსი თავს იკავებს აზრის გამოთქმისაგან , ამბობს რა , რომ არ არსებობს საკმარისი საფუძველი არც მტკიცებისა და არც უარყოფისათვის . ამავე დროს , აგნოსტიკოსი შეიძლება მიიჩნევდეს , რომ ღმერთის არსებობა არა შეუძლებელი , მაგრამ ძნელად დასაჯერებელია , მან შეიძლება ჩათვალოს კიდეც ეს არსებობა იმ დონეზე დაუჯერებლად , რომ მას არ უღირდეს ამის განხილვა პრაქტიკაში . ასეთ შემთხვევაში , ის არცთუ ისე შორსაა ათეიზმისგან . მისი პოზიცია შესაძლოა გვაგონებდეს ფილოსოფოსის ფრთხილ დამოკიდებულებას ძველ ბერძენთა ღმერთებისადმი . თუ მე მთხოვდნენ დამემტკიცებინა , რომ ზევსი , პოსეიდონი , ჰერა და სხვა ოლიმპოელები არ არსებობენ , ჩემთვის რთული აღმოჩნდებოდა დამაჯერებელი არგუმენტების მოძიება . აგნოსტიკოსი ქრისტიანული ღმერთის არსებობას შეიძლება მიიჩნევდეს იმდენად დაუჯერებლად , რამდენადაც ოლიმპოელი ღმერთების არსებობას ; ამ შემთხვევაში ის პრაქტიკულად დგება ათეისტის პოზიციაზე .

თუ თქვენ უარყოფთ " ღვთის კანონს ", მაშინ ვის ავტორიტეტს აღიარებთ ქმედების წინამძღოლად ?

აგნოსტიკოსი არავითარ " ავტორიტეტს " აღიარებს იმ მნიშვნელობით , რა მნიშვნელობასაც აძლევს მას რელიგიური ხალხი . ის თვლის , რომ ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს თუ როგორ მოიქცეს . ცხადია , ის ეყრდნობა სხვათა აზრს , მაგრამ ამ შემთხვევაში მას უხდება თვითონ აირჩიოს ის ხალხი , რომლის აზრსაც გაუწევს ანგარიშს და ამასთან , ეს აზრი არ იქნება მისთვის უცილობელი . მას არ შეუძლია არ შეამჩნიოს , რომ ე.წ. " ღვთის კანონი " ყოველთვის იცვლება . ბიბლიაში ნათქვამია , რომ ერთი მხრივ , ქალი არ უნდა გაჰყვეს ცოლად თავისი გარდაცვლილი ქმრის ძმას და მეორე მხრივ , განსაზღვრულ გარემოებებში ის ვალდებულია ასე მოიქცეს . თუ თქვენ ისეთი უბედური ხართ , რომ აღმოჩნდით უშვილო ქვრივი მაზლის წინაშე , მაშინ , ლოგიკურად , შეუძლებელია გაექცეთ " ღვთის კანონის " არდამორჩილებას .

საიდან იცით თუ რა არის სიკეთე და რა ბოროტება ? რას მიიჩნევს აგნოსტიკოსი ცოდვად ?

აგნოსტიკოსი საერთოდ არ არის ისე დარწმუნებული , როგორც ზოგიერთი ქრისტიანი იმაში , თუ რა არის სიკეთე და რა ბოროტება . ის არ თვლის , როგორც ქრისტიანთა უმრავლესობა თვლიდა ადრე , რომ ხალხს , რომელიც არ იზიარებს მთავრობის შეხედულებას სადავო თეოლოგიურ საკითხებზე , მტანჯველი სიკვდილი უნდა მიეზღოს . ის დევნის წინააღმდეგია და ცდილობს მორალური გაკიცხვისაგან თავის შეკავებას .
რაც შეეხება " ცოდვას ", ის ამ ცნებას უსარგებლოდ მიიჩნევს . ის , ცხადია , უშვებს , რომ ზოგიერთი ქმედება შეიძლება იყოს სასურველი , ხოლო ზოგიერთი არა , მაგრამ ის თვლის , რომ სასჯელი არასასურველი ქმედებისათვის შეიძლება იყოს მხოლოდ გამასწორებელი ან შემაკავებელი საშუალება ; სასჯელი არ უნდა დაედოს ვინმეს მხოლოდ იმიტომ , რომ ცოდვილმა აუცილებლად უნდა იტანჯოს . სადამსჯელო ზომებისადმი სწორედ ამგვარი რწმენა დაედო საფუძვლად ჯოჯოხეთის წარმოშობას . ეს არის იმ ზიანის ნაწილი , რაც " ცოდვის " ცნებამ მოიტანა .

აგნოსტიკოსი ისე იქცევა როგორც მოესურვება ?

ერთი მხრივ , არა , მეორე მხრივ , ყველა ისე იქცევა როგორც მოესურვება . დავუშვათ , რომ თქვენ გძულთ ვინმე იმდენად , რომ ისურვებდით მის მოკვლას . რატომ არ აკეთებთ ამას ? თქვენ შეიძლება თქვათ : " იმიტომ , რომ რელიგია მეუბნება , რომ მკვლელობა ცოდვაა ". თუმცა , სტატისტიკურად , აგნოსტიკოსები სრულებით არ არიან უფრო მეტად მიდრეკილნი მკვლელობისადმი , ვიდრე სხვა დანარჩენი , ფაქტობრივად , უფრო ნაკლებად მიდრეკილნიც კი . ისინი თავს იკავებენ მკვლელობის ჩადენისაგან ზუსტად იმავე მიზეზებით , რითაც სხვა დანარჩენი . უდავოა , რომ ამ მიზეზთაგან ყველაზე ქმედითი სასჯელის შიშია . დაუსჯელობის პირობებში , როგორიცაა , მაგალითად , ოქროს ციებ - ცხელება , ნებისმიერი შეიძლება წავიდეს მკვლელობაზე , თუმცა კი ჩვეულ გარემოებებში დარჩებოდა კანონმორჩილი . მათ აკავებს არა მხოლოდ შესაძლო კანონისმიერი დევნა , არამედ შიშიც იმისა , რომ დანაშაული გაიხსნება და ასევე მარტოობა , რომელსაც საკუთარ თავზე იწვნევს დამნაშავე იძულებულია რა , რომ ატაროს ნიღაბი უახლოეს ადამიანთა წინაშეც კი , რათა თავიდან აირიდოს სიძულვილი . ამასთანავე , არსებობს ისეთი რამ , როგორიცაა " სინდისი ". თუკი ოდესმე დაფიქრებულხართ მკვლელობაზე , თქვენ აუცილებლად შეგაძრწუნებდათ აზრები თქვენი მსხვერპლის სიცოცხლის უკანასკნელ წუთებზე ან უსიცოცხლო გვამის იერზე . რა თქმა უნდა , ეს დამოკიდებულია იმაზე , ცხოვრობთ თუ არა კანონმორჩილ საზოგადოებაში , თუმცა არსებობს საკმარისი რაოდენობა რელიგიისგან გამიჯნული მიზეზებისა , რათა ასეთი საზოგადოება შეიქმნას და შენარჩუნდეს .
მე ვთქვი , რომ მეორე მხრივ , ყველა ისე იქცევა როგორც მოესურვება . მხოლოდ სულელი თუ აჰყვება თავის ყოველ ახირებას , თუმცა ყოველი სურვილი ყოველთვის აკავებს მეორე სურვილს . ადამიანის ანტისოციალური მისწრაფებანი შეიძლება შეაკავოს ღვთის გულის მოგების სურვილმა , თუმცა მათი შეკავება ასევე შეუძლია მეგობართა გულის მოგების , ანდა საზოგადოებაში პატივისცემის მოპოვებისა თუ საკუთარი თავისადმი ზიზღის დაძლევის სურვილსაც . ხოლო , თუ მას არ გააჩნია ამგვარი მისწრაფებანი , მაშინ მორალის შესახებ აბსტრაქტული წარმოდგენები არ იქნება საკმარისი მისი ჩარჩოებში მოქცევისათვის .

როგორ განიხილავს აგნოსტიკოსი ბიბლიას ?

აგნოსტიკოსი ზუსტად ისე განიხილავს ბიბლიას , როგორც განათლებული საეკლესიო პირი . ის არ თვლის , რომ ბიბლია შეიქმნა ღვთიური შთაგონებით , ის ბიბლიის ადრეულ ისტორიას ლეგენდარულად მიიჩნევს და ფიქრობს , რომ ის სრულებით არაა მეტად ჭეშმარიტი , ვიდრე ჰომეროსის პოემები , ბიბლიის მორალურ ქადაგებებს აგნოსტიკოსი მიიჩნევს ნაწილობრივ ჭეშმარიტად , ხოლო ნაწილობრივ სრულიად მიუღებლად . აი , მაგალითად : სამოელმა უბრძანა საულს ბრძოლისას მტრის ბანაკში მოეკლა არა მხოლოდ ყველა მამაკაცი , ქალი და ბავშვი , არამედ ცხვარიც და სხვა საქონელი . თუმცა , საულმა ცხვრები და საქონელი ცოცხლად დატოვა , რისთვისაც , როგორც ჩვენ გვასწავლიან , ის უნდა გავკიცხოთ . მე არასოდეს ვყოფილვარ აღტაცებული იმით , რომ ელისე წინასწარმეტყველმა დაწყევლა ბავშვი , რომელიც მას დასცინოდა , და არ შემიძლია დავიჯერო , რომ ( როგორც ბიბლია ირწმუნება ) დიდსულოვანი ღმერთი გააგზავნის ორ ძუ დათვს ბავშვების მოსაკლავად .

როგორ განიხილავს აგნოსტიკოსი იესო ქრისტეს , ქალწულებრივ დაბადებასა და წმინდა სამებას ?

რამდენადაც აგნოსტიკოსს არ წამს ღმერთის , ის არ თვლის იესო ქრისტეს ღმერთად . აგნოსტიკოსთა უმეტესობა აღტაცებულია იესოს ცხოვრებითა და მორალური სწავლებებით როგორც ეს სახარებაშია გადმოცემული , თუმცა არა უფრო მეტად , ვიდრე სხვა ადამიანის ბიოგრაფიით . ზოგი მას ბუდას დონეზე აყენებს , ზოგი - სოკრატეს , ხოლო ზოგიც კი - აბრაამ ლინკოლნის . იესოს მიერ ნათქვამს ისინი უდავოდ არ მიიჩნევენ , რადგან ისინი მას არ განიხილავენ როგორც აბსოლუტურ ავტორიტეტს .
ქალწულებრივ დაბადებას ისინი თვლიან დოქტრინად , რომელიც აღებულ იქნა წარმართული მითოლოგიიდან , სადაც ამგვარი დაბადება იშვიათობას არ წარმოადგენდა . ( ზარატუსტრა , ლეგენდის მიხედვით , ქალწულმა გააჩინა , ბაბილონის ქალღმერთ იშთარს წმინდა ქალწულს უწოდებენ .) აგნოსტიკოსებს არ შეუძლიათ ამის დაჯერება , ისევე როგორც წმინდა სამებისა , რამდენადაც ეს წარმოუდგენელია ღმერთისადმი რწმენის გარეშე .

შესაძლებელია თუ არა აგნოსტიკოსი იყოს ქრისტიანი ?

სხვადასხვა დროს სიტყვას " ქრისტიანი " სხვადასხვა მნიშვნელობა გააჩნდა . მრავალი ასწლეულის განმავლობაში ქრისტეს პერიოდიდან მოყოლებული ეს სიტყვა ნიშნავდა ადამიანს , რომელსაც წამდა ღმერთისა და სულის უკვდავების და იესოს თვლიდა ღმერთად . თუმცა , უნიტარიანელები , რომლებიც არ აღიარებენ ქრისტეს ღვთიურობას , თავიანთ თავს ქრისტიანებს უწოდებენ , ხოლო თანამედროვე ხალხთა უმეტესობა არ ანიჭებს სიტყვა " ღმერთს " ერთმნიშვნელოვან აზრს , როგორიც მას ოდესღაც გააჩნდა . ბევრი , ამბობენ რა , რომ წამთ ღმერთის , გულისხმობენ არა ადამიანს ან სამებას , არამედ რაღაც ბუნდოვან ტენდენციას ან ძალას ანდა ევოლუციის იმანენტურ მიზანს . სხვები უფრო შორს მიდიან და ქრისტიანობას მოიაზრებენ როგორც სისტემას ეთიკური ნორმებისა , რომლებსაც ისინი , ისტორიაში გაუთვითცნობიერებლად , მიაწერენ მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანებს .
ჩემს წიგნში მე მოვიხსენიე , რომ მსოფლიოს სჭირდება " სიყვარული , ქრისტიანული სიყვარული ან თანაგრძნობა ", რის შემდეგაც ბევრმა გადაწყვიტა , რომ მე შევიცვალე საკუთარი შეხედულებები , თუმცა სინამდილეში მე ყოველთვის შემეძლო ამის თქმა . თუ ქრისტიანის ცნებაში გულისხმობთ ადამიანს , რომელსაც უყვარს ახლობელი , რომელიც ღრმად თანაუგრძნობს ტანჯულს და რომელსაც მხურვალედ სურს მსოფლიოს გათავისუფლება სისასტიკისა და ზიზღისაგან , რომელიც დღითი დღე ამახინჯებს მას , მაშინ , რა თქმა უნდა , თქვენ სრული უფლება გაქვთ მიწოდოთ ქრისტიანი . მაშინ , ამ თვალსაზრისით , თქვენ აგნოსტიკოსთა შორის უფრო მეტ " ქრისტიანს " იპოვით , ვიდრე მორწმუნეთა შორის . თუმცა მე , ჩემი მხრივ , არ შემიძლია ამგვარი განსაზღვრების მიღება . სხვა წინააღმდეგობებთან ერთად , შეიძლება ითქვას , რომ ეს შეურაცხყოფას მიაყენებს ებრაელებს , ბუდისტებს , მაჰმადიანებს და ყველა დანარჩენ არაქრისტიანებს , რომლებიც , როგორც ისტორია მოწმობს , ქრისტიანებზე არანაკლებ იჩენდნენ სწრაფვას იმ ღირებულებათა დაფასებაში , რომლებსაც ზოგიერთი თანამედროვე ქრისტიანი ქედმაღლურად მიაწერს მხოლოდ საკუთარ რელიგიას .
მე ასევე ვთვლი , რომ ყველა , ვინც საკუთარ თავს ქრისტიანს უწოდებდა ადრე და ვინც ახლანდელ დროშიც იგივეს აკეთებს , მიიჩნევს , რომ ღმერთისა და სულის უკვდავების რწმენა არსებითია ქრისტიანისთვის . ამ ფონზე , მე არ შემიძლია საკუთარ თავს ვუწოდო ქრისტიანი , შესაბამისად , უნდა ვთქვა , რომ აგნოსტიკოსი არ შეიძლება იყოს ქრისტიანი . ხოლო , თუ სიტყვა " ქრისტიანობა " შეიძენს მხოლოდ მორალური კოდექსის მსგავს ზოგად მნიშვნელობას , მაშინ სრულიად შესაძლებელი იქნება , რომ აგონოსტიკოსი იყოს ქრისტიანი .

უარყოფს თუ არა აგნოსტიკოსი , რომ ადამიანს აქვს სული ?

ამ კითხვას აზრი არ ექნება სანამ არ მივცემთ სიტყვა " სულს " სათანადო განსაზღვრებას . მე ვფიქრობ , რომ ამ სიტყვაში იგულისხმება , უხეშად რომ ვთქვათ , რაღაც არამატერიალური , რომელიც არსებობს ადამიანის სიცოცხლის განმავლობაში და უფრო მეტიც , სულის უკვდავების მომხრეთათვის , განაგრძობს არსებობას მომავალშიც . თუ მხედველობაში გვაქვს სწორედ ეს , მაშინ საეჭვოა აგნოსტიკოსმა დაიჯეროს , რომ ადამიანის აქვს სული . თუმცა , დავამატებ , რომ ეს სრულებით არ ნიშნავს იმას , რომ აგნოსტიკოსი მატერიალისტი უნდა იყოს . მრავალ აგნოსტიკოსს ( მათ შორის მეც ) გააჩნია ისეთივე ეჭვები სხეულთან მიმართებაში , როგორიც სულთან მიმართებაში , თუმცა ეს გრძელი ისტორიაა , რომელსაც მივყავართ მეტაფიზიკის ტევრში . მატერია , ისევე როგორც ცნობიერება , მხოლოდ მოსახერხებელი სიმბოლოებია მსჯელობაში და არა რეალობაში არსებული საგნები .

ჯერა თუ არა აგნოსტიკოსს სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის , სამოთხისა და ჯოჯოხეთის ?

სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობის შესახებ საკითხს შესაძლებელია ჰქონდეს ახსნა . შესაძლო დამამტკიცებელ საბუთად , ბევრის აზრით , შეიძლება მოვიაზროთ ფიზიკური კვლევები ან სპირიტუალური სეანსები . აგნოსტიკოსი თავს იკავებს მარადიული ცხოვრების შესახებ აზრის გამოთქმისაგან მანამ , სანამ დამაჯერებლად არ ჩათვლის ამ საკითხის შესახებ გამოთქმულ არგუმენტებს . მე , ჩემი მხრივ , ვთვლი , რომ არ არსებობს საკმარისი საფუძველი სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობის დასაჯერებლად , თუმცა თუ მისაღები მტკიცებულება გამოჩნდება , მე ყოველთვის მზად ვარ მივიღო ის .
სულ სხვა საქმეა სამოთხე და ჯოჯოხეთი . ჯოჯოხეთისადმი რწმენა დაკავშირებულია იმასთან , რომ ცოდვა უნდა დაისაჯოს , მიუხედავა იმისა , გამასწორებელი ან შემაკავებელი შედეგი ექნება თუ არა ამას . იშვიათია , რომ აგნოსტიკოსმა ეს დაიჯეროს . რაც შეეხება სამოთხეს , შესაძლებელია , ოდესღაც , სპირიტუალური სეანსების საშუალებით მისი არსებობა დამტკიცდეს , თუმცა აგნოსტიკოსთა უმრავლესობა ასეთ მტკიცებულებას ჯერ ვერ ხედავს , ამიტომაც სამოთხის არ ჯერათ .

ღმერთის არსებობის უარყოფით , არ გეშინიათ მისი განრისხების ?

ცხადია , არა . მე აგრეთვე უარვყოფ ზევსის , იუპიტერის , ოდინისა და ბრაჰმის არსებობას , თუმცა არანაირი დისკომფორტი მექმნება ამით . როგორც ვხედავ , კაცობრიობის საკმაოდ დიდ ნაწილს არ წამს ღმერთის და ამისათვის არავინ ისჯება . ღმერთი რომც არსებულიყო , საეჭვოა ის ისეთი პატივმოყვარე ყოფილიყო , რომ იმათზე განრისხებულიყო , ვინც მის არსებობას ეჭვქვეშ აყენებს .

როგორ ხსნიან აგნოსტიკოსები ბუნების ჰარმონიასა და სილამაზეს ?

მე ვერ გამიგია სად შეიძლება ამ " სილამაზისა " და " ჰარმონიის " აღმოჩენა . თუ საუბარია ცხოველთა სამეფოზე , მაშინ უნდა ითქვას , რომ ცხოველები დაუნდობლად ხოცავენ ერთმანეთს . უმეტესწილად , ისინი ან სხვა ცხოველთა მსხვერპლნი ხდებიან ან ნელ - ნელა კვდებიან შიმშილით . ჩემი მხრივ , მე ვერავითარ განსაკუთრებულ სილამაზესა თუ ჰარმონიას ვხედავ სოლიტერში ( tapeworm ). არ თქვათ , რომ ეს არსება გამოგზავნილია როგორც სასჯელი ჩვენი ცოდვებისათვის , რამდენადაც ის უფრო ხშირად გვხვდება ცხოველებში , ვიდრე ადამიანებში . მე ვფიქრობ , რომ ამ კითხვის ავტორმა იგულისხმა ვარსკვლავიანი ცის სილამაზე . თუმცა , არ უნდა დაგვავიწყდეს , რომ ვარსკვლავები დროდადრო ფეთქდებიან და ყველაფერს , მათ ირგვლივ არსებულს , ბუნდოვან ნისლად გარდაქმნიან . სილამაზე , ყოველ შემთხვევაში , სუბიექტურია და მხოლოდ მაყურებლის წარმოდგენაში არსებობს .

როგორ ხსნიან აგნოსტიკოსები სასწაულებსა და ღმერთის ყოვლისშემძლეობის სხვა გამოვლინებებს ?

აგნოსტიკოსები არ აღიარებენ " სასწაულებს " თუ მასში იგულისხმება ბუნების კანონების საწინააღმდეგო რამ . ჩვენ ვიცით , რომ დროდადრო ხდება რწმენითი განკურნება (რწმენა სამკურნალო ) და ამაში არაფერია სასწაულებრივი . ლურდში [1] ზოგიერთი დაავადება შეიძლება განიკურნოს , ხოლო ზოგიერთი - ვერა . ის , რაც შეიძლება განიკურნოს ლურდში , შესაძლებელია , განიკურნოს ნებისმიერი ექიმის მიერ , რომლისაც პაციენტს ჯერა . რაც შეეხება სხვა სასწაულებს , როგორიცაა , მაგალითად , იესოს მიერ მზის გაჩერება , აგნოსტიკოსი მათ უარჰყოფს როგორც ლეგენდებს და აღნიშნავს , რომ ნებისმიერ რელიგიაში შეიძლება მსგავსი ლეგენდის მოძიება . ჰომეროსთან ზუსტად იმდენივე სასწაულებრივი მტკიცებულებაა ბერძენთა ღმერთების არსებობისა , რამდენიც - ბიბლიაში ქრისტიანული ღმერთის არსებობისა .

რელიგია ეწინააღმდეგება სულმდაბლურ და სასტიკ ვნებებს . თუ თქვენ უარყოფთ რელიგიურ პრინციპებს , შეძლებს თუ არა კაცობრიობა არსებობას ?

სულმდაბლური და სასტიკი ვნებების არსებობის უარყოფა არ შეიძლება , თუმცა მე არ შემიძლია მოვნახო ისტორიაში დადასტურება იმისა , რომ რელიგია ეწინააღმდეგება ამგვარ ვნებებს . პირიქით , რელიგია მათ სანქცირებას ახდენს და ხალხს აძლევს შესაძლებლობას სინდისის ქენჯნის გარეშე მიენდოს ვნებებს . შეუბრალებელი დევნა ბევრად უფრო ხშირად შეიმჩნეოდა ქრისტიანულ სამყაროში , ვიდრე სადმე სხვაგან . სწორედ უპირობო , დოგმატური რწმენით მართლდება დევნა . სიკეთე და შემწყნარებლობა პროპორციულ მიმართებაში არიან მხოლოდ მაშინ , როცა ამგვარი დოგმატური რწმენა ისპობა . ჩვენს დროში გამოჩნდა ახალი დოგმატური რელიგია - კომუნიზმი . აგნოსტიკოსი გამოდის მის წინააღმდეგ , ისევე როგორც ნებისმიერი დოგმათა სისტემისა . თანამედროვე კომუნიზმის მჩაგვრელი ხასიათი ზუსტად გვაგონებს ადრეულ საუკუნეებში ქრისტიანობის მჩაგვრელ ხასიათს . ის , რომ ქრისტიანობამ დევნა შეარბილა , ძირითადად , თავისუფლად მოაზროვნე ადამიანთა დამსახურებაა , რომელთაც გადააქციეს დოგმატიკოსები ნაკლებად დოგმატურებად . ისინი რომ ისეთივე დოგმატიკოსებად დარჩენილიყვნენ როგორებიც იყვნენ ადრე , დღემდე ერეტიკოსთა ცეცხლზე დაწვა მართებულად ჩაითვლებოდა . შემწყნარებლობის ძირითადი იდეა , რომელიც ზოგიერთი თანამედროვე ქრისტიანის აზრით არსებითად ქრისტიანულია , სინამდვილეში , იმ ხასიათის გამოვლენის შედეგია , რომელიც უშვებს დაეჭვებას და კრიტიკულად ეკიდება უდავოდ მიჩნეულ ფაქტებს . მე ვფიქრობ , რომ ნებისმიერი , ვინც ობიექტურად გადაავლებს თვალს გასულ საუკუნეებს , მივა დასკვნამდე , რომ რელიგიამ უფრო მეტი ტანჯვა - წამება მოგვიტანა , ვიდრე აგვარიდა .

რაში მდგომარეობს აგნოსტიკოსისთვის ცხოვრების საზრისი ?

მე მინდა კითხვას კითხვითვე ვუპასუხო : რას გულისხმობთ გამოთქმაში " ცხოვრების საზრისი "? მე ვფიქრობ , რომ მასში იგულისხმება რაღაც საერთო მიზანი . მე არ ვთვლი , რომ ცხოვრებას , ზოგადად , გააჩნია რაიმე მიზანი . ის უბრალოდ ხდება . თუმცა , ყოველ კონკრეტულ ადამიანს გააჩნია თავისი მიზანი და აგნოსტიციზმში არაფერია ისეთი , რომელიც აიძულებდა ხალხს ამ მიზნიდან განდგომას . ცხადია , მათ არ შეუძლიათ დაბეჯითებით განაცხადონ , რომ მათ მიაღწიეს იმ შედეგებს , რომლისკენაც ისწრაფვოდნენ , მაგრამ , თქვენ ხომ იქნებოდით უარყოფითი აზრის იმ ჯარისკაცზე , რომელიც უარს იტყოდა ბრძოლაზე თუ არ იქნებოდა დარწმუნებული გამარჯვებაში . ადამიანი , რომელსაც სჭირდება რელიგია საკუთარი მისწრაფებების მხარდაჭერისთვის არის მხდალი და მე არ შემიძლია დავაყენო ის იმავე საფეხურზე ადამიანთან , რომელიც ცდილობს რაღაცას , მიუხედავად იმისა , რომ უშვებს დამარცხების შესაძლებლობას .

რელიგიის უარყოფა ხომ არ ნიშნავს აგრეთვე ქორწინებისა და უმანკოების ( chastity ) უარყოფას ?

ამჯერადაც მიხდება კითხვაზე კითხვითვე პასუხი : თვლის თუ არა კითხვის ავტორი , რომ ქორწინება და უმანკოება ხელს უწყობს მიწიერ ბედნიერებას ან თვლის თუ არა , რომ მათ მიერ აქ , დედამიწაზე გამოწვეული ტანჯვა გზას ხსნის ზეცისაკენ ? ის , ვინც მხარს უჭერს მეორე თვალსაზრისს , უეჭველად ჩათვლის , რომ აგნოსტიციზმი ბღალავს ე.წ. უმანკოებას ( ძალით ), თუმცა მას მოუწევს აღიაროს , რომ ე.წ. უმანკოება ხელს არ უწყობს კაცობრიობის ბედნიერებას მიწიერ ცხოვრებაში . ხოლო თუ ის , პირიქით , მხარს უჭერს პირველ თვალსაზრისს , კერძოდ კი იმას , რომ არსებობს მიწიერი არგუმენტები ქორწინებისა და უმანკოების სასარგებლოდ , მაშინ მან ასევე უნდა აღიაროს , რომ ამგვარი მიწიერი არგუმენტები აგნოსტიკოსსაც მოუვა თვალში . აგნოსტიკოსებს , როგორც ასეთს , არ გააჩნიათ განსაზღვრული შეხედულება სექსუალურ მორალზე . მაგრამ , მათი უმრავლესობა აღიარებს , რომ არსებობს დამაჯერებელი არგუმენტები სექსუალური სურვილებისადმი თავშეუკავებელი მინდობის წინააღმდეგ . თუმცა , მათ წარმოდგენაში ამ არგუმენტებს გააჩნიათ მიწიერი წარმოშობა და არ მომდინარეობენ რომელიმე ღვთიური მცნებიდან .

საშიშ მრწამსად ხომ არ ითვლება მხოლოდ აზროვნებისადმი ( მიზეზით) რწმენა ? სულიერი და მორალური კანონის გარეშე ხომ არ არის აზროვნება არასრულყოფილი და არასრულფასოვანი ?

არც ერთ გონიერ ადამიანს , იქნება ის აგნოსტიკოსი თუ არა , არ აქვს რწმენა " მხოლოდ აზროვნებისადმი ". აზროვნება დაკავშირებულია რეალური სინამდვილის ფაქტებთან ( საკითხებთან ფაქტი ), რომელთა ნაწილი მიღებულია დაკვირვების გზით , ნაწილი კი - ლოგიკური დასკვნის გზით . საკითხი მარადიული ცხოვრების შესახებ , ისევე როგორც საკითხი ღმერთის არსებობის შესახებ ეხება რეალური სინამდვილის ფაქტებს და აგნოსტიკოსი თვლის , რომ მათი გადაწყვეტა უნდა მოხდეს იმგვარად , როგორადაც საკითხი იმის შესახებ , იქნება თუ არა ხვალ მთვარის დაბნელება . თუმცა , მხოლოდ რეალური სინამდვილის ფაქტები არასაკმარისია , რათა გამოიწვიოს ქმედება , რამდენადაც ისინი არ გვატყობინებენ ჩვენ თუ რა მიზნებს უნდა მივდიოთ . როდესაც საქმე მიდის მიზნამდე , ჩვენ გვჭირდება რაღაც გარდა ლოგიკური აზროვნებისა . აგნოსტიკოსს ამ მიზნებს კარნახობს მისი საკუთარი გული და არა გარე ბრძანებები . საილუსტრაციოდ მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი : დავუშვათ , თქვენ გადაწყვიტეთ იმგზავროთ მატარებლით ნიუ იორკიდან ჩიკაგოში , თქვენ ისარგებლებთ ლოგიკური აზროვნებით , რათა დაადგინოთ თუ როდის გადის ეს მატარებელი . ადამიანი , რომელსაც წარმოუდგენია , რომ განრიგის გარეშეც იოლად გავა ეყრდნობა რა გაცისკროვნებასა ( ქათამაძე ) თუ ინტუიციას , მოგეჩვენებათ ბრიყვად . თუმცა , არც მხოლოდ განრიგი ეტყვის მას , რომ სწორი იყო მისით სარგებლობა , ამისათვის ადამიანს მოუხდება მხედველობაში მიიღოს რეალური სინამდვილის სხვა ფაქტები . მაგრამ , რეალური სინამდვილის ფაქტების მიღმა არის მიზნები , რომელთა მიდევნებასაც ადამიანი თვლის აუცილებლად და ეს მიზნები , როგორც აგნოსტიკოსისთვის , ისე სხვა ნებისმიერისთვის , მიეკუთვნება არა სფეროს აზროვნებისა , მიუხედავად იმისა , რომ მას არ ეწინააღმდეგება . მე ვგულისხმობ ემოციების , გრძნობებისა და სურვილების სფეროს .

მიიჩნევთ თუ არა თქვენ ყველა რელიგიას ცრურწმენისა და დოგმის ფორმებად ? დღეს არსებული რელიგიებიდან რომელ მათგანს სცემთ ყველაზე მეტ პატივს და რატომ ?

ყველა ორგანიზებულად შექმნილი დიდი რელიგია , რომელიც დომინირებს მოსახლეობის დიდ რაოდენობას , მეტ - ნაკლებად დაფუძნებულია დოგმაზე , თუმცა " რელიგია " - ეს არის სიტყვა , რომლის მნიშვნელობა ზუსტად არ არის განსაზღვრული . მაგალითად , კონფუციანელობას შეიძლება ეწოდოს რელიგია , მიუხედავად იმისა , რომ ის არ შეიცავს დოგმას . ლიბერალური ქრისტიანობის ზოგიერთ ფორმებში დოგმის ელემენტი მინიმუმამდეა დაყვანილი . ისტორიაში არსებული დიდი რელიგიებიდან მე ვამჯობინებ ბუდიზმს , განსაკუთრებით მის ადრეულ ფორმებს , რამდენადაც იქ , პრაქტიკულად , არ არსებობდა დევნა .

კომუნიზმი , ისევე როგორც აგნოსტიციზმი , გამოდის რელიგიის წინააღმდეგ , - ითვლებიან თუ არა აგნოსტიკოსები კომუნისტებად ?

კომუნიზმი არ გამოდის რელიგიის წინააღმდეგ . ის გამოდის მხოლოდ ქრისტიანობის წინააღმდეგ , როგორც , მაგალითად , მაჰმადიანობა . კომუნიზმი , ყოველ შემთხვევაში იმ ფორმით , როგორითაც აცხადებს საბჭოთა ხელისუფლება და კომუნისტური პარტია , წარმოადგენს განსაკუთრებით საშიშ და სასტიკ დოგმათა ახალ სისტემას . შესაბამისად , ყოველი ჭეშმარიტი აგნოსტიკოსი უნდა გამოვიდეს მის წინააღმდეგ .

თვლიან თუ არა აგნოსტიკოსები , რომ მეცნიერება და რელიგია ერთმანეთთან შეუთავსებელია ?

პასუხი დამოკიდებულია იმაზე , თუ რა იგულისხმება " რელიგიაში ". თუ მხედველობაშია მხოლოდ ეთიკის სისტემა , მაშინ ის შეთავსებადია მეცნიერებასთან . თუ მხედველობაშია დოგმათა სისტემა , რომელიც მიიჩნევა უდავო ჭეშმარიტებად , მაშინ ის შეუთავსებელია მეცნიერების არსთან , რომელიც არ უშვებს რეალური სინამდვილის ფაქტების მიღების შესაძლებლობას მტკიცებულების გარეშე , აგრეთვე თვლის , რომ სრული დამაჯერებლობა შეუძლებელია .

რამ შეიძლება დაგარწმუნოთ ღმერთის არსებობაში ?

ვფიქრობ , რომ თუ გავიგონებდი ხმას ზეციდან , რომელიც იწინასწარმეტყველებდა ყველაფერს , რაც მე გადამხდებოდა თავს მომდევნო საათებში , იმ მოვლენების ჩათვლით , რომლებიც მე ნაკლებად დასაჯერებლად მომეჩვენებოდა , და თუ ყველა ეს წინასწარმეტყველება ახდებოდა , შესაძლებელია დამეჯერებინა , ყოველ შემთხვევაში , ზეადამიანური ინტელექტის არსებობა . მე შემიძლია დავასახელო სხვა სახის დამაჯერებელი მტკიცებულება , თუმცა , რამდენადაც მე ვიცი , ასეთი მტკიცებულება არ არსებობს .

---------------------------

პატარა ქალაქი საფრანგეთის სამხრეთ - დასავლეთ ნაწილში . მისი წყალი მიჩნეულია წმინდად , ამიტომაც მრავალი ავადმყოფი სტუმრობს ამ ქალაქს განკურნების იმედით .

No comments:

Post a Comment